Wednesday, June 13, 2012

რატომ თეატრი


  
   


            თეატრი საოცარი ადგილია. ყოველ დარბაზს თავისი, უნიკალური აურა აქვს. ყველა დარბაზში სხვადასხვა რამეს ვგრძობ, ის სპექტაკლის ნაწილია. აი, მაგალითად, რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი. აქ ნამდვილი ბურჟუა ვხდები, ვუყურებ დარბაზის კედლებზე შესრულებულ დახვეწილ ორნამეტებს, იწყება სპექტაკლი და მაგიურ სივრცეში ეხვევა მთელი დარბაზი, საიდანაც გამოსვლა ძნელია. ვეხვევი ამ საბურველში და ჩემში რაღაც იცვლება.
თეატრს აქვს რაღაც განსაკუთრებულად ინტიმური, გლამურული. იწყება სპექტაკლი, ზიხარ ვინმესთან ერთად და ერთდროულად განიცდით რაც თქვენ წინ ხდება. უყურებთ არა მანამდე გადაღებულსა და დამონტაჟებულს, არა! აი, იმ წამს მიმდინარე ცოცხალ პროცესს. თქვენ ორნი, გვერდიგვერდ სხედხართ, გრძნობ მის ხელებს. სცენიდან მომდინარე ემოციების დუღილი პიკს აღწევს, თქვენ სხედხართ გვერდიგვერდ, ერთად გრძნობთ, ერთად განიცდით, ორივე ამ წამს, ერთსა და იმავე სივრცეში ერთსა და იმავეს გრძნობთ მთელი გულით და გრძნობ მის კანს შენს ხელზე.
არ აქვს მნიშვნელობა სცენაზე გლოვობენ თუ ზეიმობენ, ტრიუმფია თუ მარცხი, სცენიდან პარტერში მოედინება ენერგიის ნაკადი რომელიც არ ჩერდება და შენს ემოციურ სისტემაში აგრძელებს დინებას სპექტაკლის დამთავრებიდან კიდევ დიდი ხნის მანძილზე.
ერთხელ მწერალმა ხატია შიუაშვილმა მისი სექსისადმი დამოკიდებულების შესახებ მითხრა,- სექსი მაშინ იწყება, როცა ვინმეს ეპრანჭები, ვინმესთვის იცვამო. დიახ, მეც ვეთანხმები მას, მაგრამ ეს ვრცელდება არამარტო სექსზე, არამედ სპექტაკლზეც. სპექტაკლი არ იწყება მაშინ, როდესც მსახიობები გამოჩნდებიან სცენაზე, სპექტაკლი იწყება მაშინ, როდესაც ვემზადები თეატრში წასასვლელად, ვიცვამ მისთვის, საგანგებდ ვივარცხნი თმას, ვეპრანჭები იმ კოსმიურ ენერგიას, რომელიც სპექტაკლის დაწყებისთანავე შემიპყრობს.
პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

No comments:

Post a Comment